
რუსეთი უარყოფს ჯარების გაგზავნას აფხაზეთში
17 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საქართველოს ბრალდება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა “ასეულობით სპეცრაზმელი“ გააგზავნა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სამინისტრომ ამ ბრალდებას “ყალბი“ უწოდა.
16 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ განაცხადა, რომ ჯარების გაგზავნის საჭიროება არ ყოფილა. “აფხაზეთის არჩევნებს არ შეუქმნია რაიმე საფრთხე რუსეთისთვის“, აღნიშნა მან.
ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც უარყო ინფორმაცია რუსული ჯარების აფხაზეთში გაგზავნის თაობაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ვიაჩესლავ სედოვის თქმით, აფხაზეთში რუსეთის მხოლოდ ის ნაწილები იმყოფებიან, რომლებიც დსთ-ის სამშვიდობო ჯარების ეგიდით არიან განლაგებულნი რეგიონში.