
ევროპის პარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
ევროპის პარლამენტმა 14 ოქტომბერს რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროკავშირს მოუწოდებს დახმარება აღმოუჩინოს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს კონფლიქტების მოგვარების საქმეში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და სხვათა მონაწილეობით.
ევროპის პარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს და კომისიას “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთთან დიალოგის დღის წესრიგში ჩართოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში“.
რეზოლუცია გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს სამხრეთ კავკასიაზე პრევენციული დარტყმების განხორციელების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს იმ როლის მნიშვნელობას, რომელიც რუსეთმა არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში უნდა ითამაშოს.
ევროპის პარლამენტის განცხადებით, კონფლიქტების მოგვარებაში არსებული შეფერხება საქართველოს განვითარებასაც უშლის ხელს. რეზოლუცია გმობს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 3 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს როგორც უკანონოს და ასევე შეშფოთებას გამოხატავს იმ ძალადობის გამო, რასაც ბოლო დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰქონდა ადგილი.
“…სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სრული დემილიტარიზაცია, გარდა შერეული სამშვიდობო ძალებისა, არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისწინაპირობა ამ რეგიონში“, ნათქვამია რეზოლუციაში.