ახალი ამბები

ირაკლი ალასანია: რუსეთიდან აფხაზეთში შეიარაღებული ფორმირებები შედიან

აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალები იმყოფებიან, რომლებსაც ორგანიზებას რუსეთის გარკვეული ძალები უწევენ, ხოლო აფინანსებენ ჩრდილოკავკასიის ხალხთა კონფედერაციის ლიდერები.
 
“აფხაზეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა სპეცდანიშნულების რამოდენიმე შენაერთი, რასაც  საქართველოს დაზვერვის სამსახურიც ადასტურებს”, განაცხადა დღეს ირაკლი ალასანიამ.
 
მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს რუსეთის შესაბამისი უწყებების უმოქმედობა რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტებთან დაკავშირებით.
 
ალასანიას ინფორმაციით, ჩრდილოკავკასიურ ხალხთა კონფედერაციის შენაერთებს 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ის პირები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც რუსეთის მიერ დღეს ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები და მათზე ძებნაა გამოცხადებული.

Back to top button