ახალი ამბები

უშიშროების სამინისტრო თბილისში ოსი სამშვიდობოს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

უშიშროების მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ დღეს “სივილ ჯორჯიასთან”  საუბარში უარყო ოსური მხარის მიერ გავრცელბული ინფორმაცია 12 ოქტომბერს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკავებული და თბილისში, უშიშროების იზოლატორში გადმოყვანილი სამი ოსი პიროვნებიდან ერთის დაკითხვის შემდეგ გარდაცვალების შესახებ.
 
“მძიმედ დაჭრილი ერთი პიროვნება [ხაჩიროვი] გზაშივე გარდაიცვალა. დანარჩენები კი გადმოყვანილი არიან თბილისში, მიმდინარეობს დაკითხვა, რადგანაც ისინი მოწმეები არიან იმ ინციდენტისა, რასაც კონფლიქტის ზონაში ჰქონდა ადგილი. ირკვევა თუ ვინ დაესხა მათ თავს”, განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
 
მისი თქმით, უშიშროება ასევე არკვევს არიან თუ არა დაკავებული პიროვნებები სინამდვილეში ოსი მშვიდობისმყოფელები.
 
“ბოლო პერიოდში ბევრი საეჭვო გადაადგილებები ხდება კონფლიქტის ზონაში. საეჭვოდ ემთხვევა ასევე ეუთო-ს დამკვირვებლებზე,  ქართველ და რუს სამშვიდობოებზე თავდასხმები. ყველაფერი ეს ბადებს ეჭვს, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რათა კონფლიქტის ზონაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ”, განაცხადა ბათუ ქუთელიამ და დასძინა, რომ ქართული მხარე არეულობას არ დაუშვებს.
 
კონფლიქტის ზონაში 12 ოქტომბერს ოსი ეროვნების პიროვნებები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათზე თავდასხმა განხორციელდა. ოსური მხარის ინფორმაციით, დაკავებულები ოსი სამშვიდობოები არიან, რომლებსაც სოფელ კირბალთან უცნობმა პირბემა ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის დროს ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

Back to top button