
სამმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
დღეს პარლამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე დეპუტატებმა გიგა ბუკიამ, ბიძინა გუჯაბიძემ და გიორგი ცანავამ საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ გააკეთეს განცხადება. მათი პროტესტი პარლამენტის მიერ 12 ოქტომბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის მიზეზების შემსწავლელი კომისიის შექმნაზე უარის თქმამ გამოიწვია.
გავრცელებული ცნობით, კიდევ 4 დეპუტატს სურდა უმრავლესობის დატოვება, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, “მათ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელობის ზეწოლის შედეგად შეცვალეს”.
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რომელიც ამავდროულად უმრავლესობის წევრიცაა, დეპუტატების გადაწყვეტილების შესახებ მათ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდათ. “ხელმძღვანელობა წინასწარ უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული, ეს უბრალოდ არაკორექტულია”, განაცხადა ბურჯანაძემ.
ეს საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების უკვე მესამე შემთხვევაა. მაისში უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა და დეპუტატმა კახა კუკავამ დატოვეს, რომლებიც პარლამენტში პარტია “ეროვნულ ძალთა გაერთიანებას” წარმოადგნენ. ხოლო ივნისში უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთმა სუბიექტმა “რესპუბლიკურმა პარტიამ” დატოვა, რითაც უმრავლესობას კიდევ 4 დეპუტატი დავით ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა, ლევან ბერძენიშვილი და თემურ ნერგაძე გამოაკლდა.