ახალი ამბები

დაპირისპირებული ხაჯიმბა და ბაღაფში პოზიციებს არ თმობენ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციონერი სერგეი ბაღაფში, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად ცნო, 14 ოქტომბერს “აფხაზი ხალხის საერთო ნაციონალური კრების მოწვევას“ გეგმავს, სადაც “ხალხი დააფიქსირებს თავის ნებას, თუ ვინ უნდა იყოს [თვითგამოცხადებული] რესპუბლიკის ლიდერი”.
 
“მოსახლეობას ამის უფლება აქვს”, განაცხადა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერგეი ბაღაფშმა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას.
 
სააგენტო “იტარ-ტასის “ ცნობით, დღესვე პრესკონფერენცია გამართა პრეზიდენტობის მეორე  კანადიდატმა, არაღიარებული აფხაზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ და ცენტრალური საარჩევნო კომისია ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა. მისმა მომხრეებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.
 
“სერგეი ბაღაფშს მიღებული აქვს არა ხმათა 50,08%, როგორც ამას ცსკ-ო ამტკიცებს, არამედ 49,89%. ცსკ-ო ისეთი დაშინებული იყო, რომ ამის გაცხადება ვერ გაბედა”, განაცხადა ხაჯინბამ.
 
ცსკო-მ 3 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 11 ოქტომბერს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა. 

Back to top button