ახალი ამბები

აფხაზეთში კრიზისი ღრმავდება

არძინბა სახელისუფლებო გადატრიალების მოახლოებაზე საუბრობს


აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) გადაწყვეტილებამ ოპოზიციის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტად გამოცხადების თაობაზე კიდევ უფრო გაამწვავა კრიზისი, რომელიც თვითგამოცხადებულ რეგიონში 3 ოქრომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას უჭერს მხარს, 12 ოქტომბერს მოსახლეობას მიმართა. მან ცსკ-ს გადაწყვეტილებას “აბსურდული“ უწოდა და “შესაძლო სისხლისღვრის“ თაობაზეც ისაუბრა.   


“კიდევ ერთჯერ იმარჯვებს აფხაზეთში ძალადობა, რომელიც სრული სახით გამოვლინდა ე.წ.დემოკრატიული არჩევნების დროს. ყველაფერ ამას შესაძლოა სისხლისღვრაც მოჰყვეს. საუბარი იმის თაობაზე, რომ ვიღაც ვერ აკონტროლებს პროცესებს, უსაფუძვლოა. სახეზეა კარგად გააზრებული ქმედებები, რომელიც თბილისის სცენარის მიხედვით ვითარდება და გამოცდილი ადამიანების მიერაა მართული. რეალურად, აფხაზეთში გადატრიალება ახლოვდება“, განაცხადა არძინბამ თავის მიმართვაში.


მისი თქმით, აფხაზი ხალხი “თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას“.


“როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვალდებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დავიცვა კონსტიტუციური წესრიგი და ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს ჩემი ცხოვრების მიზანია და ჩემი მოვალეობაა  დაღუპულთა ხსოვნის წინაშე [ქართულ-აფხაზური კონფლიქის დროს]”, აღნიშნა არძინბამ.


ზოგიერთი მიმოხილველი არძინბას ბოლოდროინდელ განცხადებებს საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთვის მზადებად აფასებს, რათა ხელი შეუშალოს ოპოზიციის კანდიდატს სერგეი ბაღაფშს პრეზიდენტის პოსტის დაკავებაში. ბაღაფშს ოპოზიციური მოძრაობები და გავლენიანი ჯგუფი “აფხაზ ვეტერანთა კავშირი“ უჭერს მხარს.


ამავდროულად, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ხაშბამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ “ბოლო სიტყვა უნდა თქვას [3 ოქტომბრის საპრეზიდენტო] არჩევნებზე“. ნოდარ ხაშბა, რომელიც მანამდე რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში მუშაობდა, 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.


რაულ ხაჯიმბამ, რომელსაც მოქმედი ხელისუფლების გარდა, მოსკოვიც უჭერს მხარს, უზენაესს სასამართლოს ცსკ-ს 11 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამ ოქმის მიხედვით, სერგეი ბაღაფში გამოცხადდა გამარჯვებულად ხმების 50,08%-ით.


თუმცა, სასამართლო მოსმენის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. “იტარ-ტასი” აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ალა ადლეიბას სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასამართლო მხოლოდ მაშინ დანიშნავს მოსმენას, როდესაც ცსკ-ო ახალი წევრებით შეივსება. 15-წევრიანი ცსკ-ს თავმჯდომარე სერგეი სმირი, სამ სხვა კოლეგასთან ერთად 11 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა, რის მოტივადაც სერგეი ბაღაფშის მომხრეთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლა დასახელდა. აფხაზეთის კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოს მოსმენა დაინიშნება ცსკ-ს ოთხი ახალი წევრის დანიშვნის შემდეგ.


უზენაესი სასამართლო 14 ოქტომბერს სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს. სადაო არჩევნების შემდეგ, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატის მხარდამჭერებმა “ტოტალური გაყალბების” გამო დაგმეს, ცსკ-მ გადაწყვიტა განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ გალის რაიონში. თუმცა ხაჯიმბა მოითხოვს ცსკ-ს გადაწყვეტილების გაუქმებას და აფხაზეთის მთელი მასშტაბით განმეორებითი არჩევნების ჩატარებას.   


მოსკოვის რეაქცია


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 12 ოქტომბერს კომენტარი გააკეთა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ჯერ-ჯერობით “გაურკვეველია”.


“მე არ მაქვს ბოლო ინფორმაცია, თუმცა გავიგე, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება, რასაც შედეგად კომისიის თავმჯდომარის [სერგეი სმირის] გადადგომა მოჰყვა “, განაცხადა ლავროვმა.


ლავროვის თქმით, ვინც არ უნდა გახდეს აფხაზეთის ახალი პრეზიდენტი, მან საქმიანობა არსებული შეთანხმებების საფუძველზე უნდა განაგრძოს. “ეს ქართულ მხარესაც ეხება, რომელმაც უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები“, დასძინა მინისტრმა.


“ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილნი რეგიონში მიმდინარე მოვლენების მიმართ, რადგანაც გვინდა მეგობრულად ვიცხოვროთ საქართველოსთან და ვიხილოთ იგი, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სადაც თანაბრად იქნება დაცული ეთნიკური ჯგუფებისა და ეროვნებების უფლებები“, განაცხადა ლავროვმა. 


აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სოჭში აგვისტოს ბოლოს გამართული შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ არძინბას ფავორიტი კანდიდატი კრემლის რჩეულიც იყო. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხაჯიმბას მხარდასაჭერად ბევრი რუსი პოლიტიკოსი, მათ შორის პარლამენტარებიც, რეგულარულ ვიზიტებს აწყობდნენ აფხაზეთში.


თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მხოლოდ კრემლის მხარდაჭერა არ იყო საკმარისი ხაჯიმბას გამარჯვებისთვის. “ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოვლენებში ის იყო, რომ აფხაზმა ხალხმა არ დაუშვა მოსკოვიდან პრეზიდენტის დანიშვნა “, განუცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ “სივილ ჯორჯიას“ 11 ოქტომბერს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყვეს მოსკოვის აფხაზური პოლიტიკის “წარუმატებლობა“. “დარწმუნებით ვერ ვიტყვი, ჰქონდა თუ არა რუსეთს სტრატეგია და ვერ შეძლო მისი განხორციელება, თუ საერთოდ არ ჰქონია არანაირი სტრატეგია. ფაქტი ის არის, რომ წარუმატებლობას ჰქონდა ადგილი“, განაცხადა ზურაბიშვილმა 7 ოქტომბერს “იმედის“ ეთერში.


თბილისის რეაქცია


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რეგიონში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს “თბილისის სცენარზე დაფუძნებული კარგად მოფიქრებული ქმედებები უწოდა“. ქართული მხარე თვალყურს ადევნებს აფხაზეთში არსებულ სიტუაციას, მაგრამ ამავე დროს ცდილობს ამ მოვლენებთან მიმართებაში დისტანცია შეინარჩუნოს.  


სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ გაიმარჯვებდა დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. “დიალოგის გამართვას ნებისმიერ იმ კანდიდატთან ვგეგმავდით, ვინც გაიმარჯვებდა არჩევნებში, ეს გარდაუვალია“, დასძინა ხაინდრავამ.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო “უკიდურესად თავშეკავებულ პოზიციას“ იკავებს აფხაზეთში განვითარებული მოვლენების მიმართ.


“ვფიქრობ, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ არ ვერევით და ვაცდით აფხაზებს თვითონ მოაგვარონ თავიანთი შიდა საქმეები. და ისინი ასეც იქცევიან – როგორც ჩანს, მათ არ სურთ თავიანთი მომავალი მოსკოვს მიანდონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კავკასიის მთელი რეგიონისთვის“, განაცხადა ზურაბიშვილმა 7 ოქტომბერს.


მინისტრის განცხადებით, აფხაზეთის არჩევნებმა ცხადყო, რომ “საბოლოო ჯამში დემოკრატია ყველა რეგიონში შეღწევადია, მათ შორის ყველაზე განცალკევებულშიც კი”.


“არ ვამბობ, რომ აფხაზეთის არჩევნები დემოკრატიული იყო. თუმცა, არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ყველაფერი კარნახით არ კეთდება აფხაზეთში“, დასძინა მან. ზურაბიშვილის თქმით, თბილისი ჯერ-ჯერობით ვერ განახორციელებს რაიმე ღონისძიებებს აფხაზეთთან მიმართებაში. “ვფიქრობ, უნდა ვაცადოთ პროცესს, რომ თავისით განვითარდეს. შემდეგ დავინახავთ, რაც მოხდება“, განაცხადა მან.


 

მსგავსი/Related

Back to top button