
იწყება აქცია – “ემსახურე სამშობლოს, დაიცავი საზღვარი”
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა დაიწყო აქცია სახელწოდებით “ემსახურე, სამშობლოს, დაიცავი საზღვარი”, რომლის მიზანია ბიზნესმენებისა და საზოგადოების ჩართვა სახელმწიფო საზღვრის დაცვის ფინანსურ-მატერიალური უზრუნველყოფის საქმეში.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, მხოლოდ “ბიუჯეტიდან გამოყოფილი მწირი სახსრები და უცხოელი მეგობრების დახმარება” საკმარისი არ არის საზღვარზე უსაფრთხოებისა და კონტროლის შესანარჩუნებლად.
“ღია ცის ქვეშ, ჩაუცმელ-დაუხურავი მესაზღრეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ აუცილებლობას ზამთრის დადგომასთან ერთად იძენს”, ნათქვამია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვის 2005 წლის ბიუჯეტში 12, 325 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ბიუჯეტიდან ცალკე თანხა – 1, 714 მილიონი ლარია გამოყოფილი საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთის პერიმეტრის დაცვისათვის, რაც ანტიტერორისტული ღონისძიებებიდან გამომდინარე დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.