ახალი ამბები

არძინბა საპრეზიდენტო არჩევნებში ბაღაფშის გამარჯვებას აბსურდულს უწოდებს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 12 ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო-ს) გადაწყვეტილებას 3 ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნებში სერგეი ბაღაფშის გამარჯვების თაობაზე არასწორი უწოდა.
 
“ბაღაფშის მომხრეების გავლენის შედეგად ცსკო-მ, ისე რომ არ დაელოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიიღო მორიგი აბსურდული გადაწყვეტილება. ასეთი მეთოდებით ცდილობენ ხალხს მოახვიონ ძალაუფლება და წაართვან ხმის უფლება”, განაცხადა დღეს ვლადისლავ არძინბამ.
 
რუსული ტელეკომპანი НТВ-ს ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტის ეს განცხადება დღეს, სოხუმის ცენტრში შეკრებილ რაულ ხაჯიმბას მომხრეების მიტინგზე გააჟღერეს. 
 
არძინბას განცხადება ცსკო-ს მიერ გამარჯვებულად გამოცხადებულმა სერგეი ბაღაფშმა “სამოქალაქო ომის მოწოდებად“ შეაფასა.
 
“ჩვენ ეს არჩევნები სამართლიანად მოვიგეთ, მაგრამ  ამჟამინდელ  ხელისუფლებას არ სურს დაგვითმოს ადგილი. ჩვენ ვაკონტროლებთ ვითარებას და არ დავუშვებთ დესტაბილიზაციას“, განუცხადა დღეს სერგეი ბაღაფშმა ჟურნალისტებს. 
 
იგი მზად არის დაელოდოს უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც ცსკ-ს არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი რაულ ხაჯიმბამ დღეს შეიტანა. 

მსგავსი/Related

Back to top button