ახალი ამბები

სერგეი ლავროვი: აფხაზეთის არჩევნების შედეგები “გაურკვეველია“

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.


“მე არ მაქვს ბოლო ინფორმაცია, თუმცა გავიგე, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება, რასაც შედეგად კომისიის თავმჯდომარის {სერგეი სმირის] გადადგომა მოჰყვა “, განაცხადა ლავროვმა.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) გადაწყვეტილებით, 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატს სერგეი ბაღაფშს მიენიჭა. სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება და მას “უკანონო“ უწოდა.


ლავროვის თქმით, ვინც არ უნდა გახდეს აფხაზეთის ახალი პრეზიდენტი, მან უნდა განაგრძოს არსებული შეთანხმებების საფუძველზე მუშაობა.


“ეს ქართულ მხარესაც ეხება, რომელმაც უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები“, დასძინა მინისტრმა.


“ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილნი რეგიონში მიმდინარე მოვლენების მიმართ, რადგანაც გვინდა მეგობრულად ვიცხოვროთ საქართველოსთან და ვიხილოთ იგი როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სადაც თანაბრად იქნება დაცული ეთნიკური ჯგუფებისა და ეროვნებების უფლებები“, განაცხადა ლავროვმა. 



 

მსგავსი/Related

Back to top button