ახალი ამბები

აფხაზეთის ცსკ-მ ბაღაფში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა

რუსული საინფორმაციო სააგენტოების “ინტერფაქსისა“ და “რია ნოვოსტის“ ცნობით, 11 ოქტომბერს აფხაზეთის 15-კაციანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის უმრავლესობამ  ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს, რომლის მიხედვითაც 3 ოქტომბრის საკამათო საპრეზდენტო არჩევნები ოპოზიციის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა მოიგო. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შეიტანა კრიზისში, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.


“15 წევრიდან 11-მა ხელი მოაწერა ოქმს“, აცხადებს “ინტერფაქსი“ ცსკ-ს წევრის ადლეიბას სიტყვებზე დაყრდნობით. მისი თქმით, ბაღაფშმა ხმების 50,08% მიიღო, რომელიც საკმარისია პირველივე ტურში არჩევნების მოსაგებად. ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ საბოლოოდ ხმების რა რაოდენობა დააგროვა სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ.


“რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ცსკ-ს თავმჯდომარემ სერგეი სმირმა კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, მასზე სერგეი ბაღაფშის მომხრეთა ზეწოლას ჰქონდა ადგილი.


არჩევნების საბოლოო შედეგები გალის რაიონის შედეგებსაც შეიცავს, რაც კიდეც უფრო გაურკვეველს ხდის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს.


არადა, 6 ოქტომბერს აფხაზეთის ცსკ-მ გალის რაიონის სამი უბნის მონაცემები ბათილად ცნო მთელი რიგი დარღვევების გამო და 17 ოქტომბერს განმეორებითი არჩევნები დანიშნა. არჩევნების შედეგებით, რომელიც გალის რაიონის შედეგებს არ შეიცავდა, ოპოზიციის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა ხმების 45.7% მიიღო, ხოლო რაულ ხაჯიმბამ მხოლოდ 38.4%.


მოგვიანებით რაულ ხაჯიმბამ გაასაჩივრა ცსკ-ს გადაწყვეტილება გალის ოლქში განმეორებითი არჩევნების დანიშვნის თაობაზე და მისი ჩატარება აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე მოითხოვა. მან თვითგამოცხადებული რეგიონის უზენაესს სასამართლოს მიმართა ამ მოთხოვნით. მოსმენა 11 ოქტომბერს დაინიშნა, თუმცა შემდეგ 13 ოქტომბრისთვის გადაიდო.


პარალელურად, უზენაესს სასამართლოს სერგეი ბაღაფშმაც მიმართა. იგი გალის რაიონში განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე ცსკ-ს გადაწყვეტილების ანულირებას მოითხოვდა, რადგანაც, მისი თქმით, 3 ოქტომბერს გალში დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.


გალის რაიონი ძირითადად იმ ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული, რომლებიც აფხაზეთში 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ სპონტანურად დაბრუნდნენ. სერგეი ბაღაფშმა ხმების უმრავლესობა სწორედ გალში მიიღო.     

მსგავსი/Related

Back to top button