ახალი ამბები

მთავრობა სარეზერვო ძალების გაძლიერების თაობაზე კანონპროექტს წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი კანონპროექტს წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აკრძალავს იმ პირთა თანამდებობებზე დანიშვნას და კარიერულ წინსვლას , რომლებმაც უარი თქვეს სამხედრო სამსახურის გავლაზე და თავი აარიდეს სარეზერვო ძალებში სამსახურს.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც საწვრთნელ ბაზებს ეწვია ოსიაურსა და საჩხერეში, სადაც ამჟამად რეზერვისტთა ორი ბატალიონი გადის მომზადებას, განაცხადა, რომ 2005 წლის ბოლოსათვის საქართველო 10,000 რეზერვისტს მოამზადებს.


“ჩვენ ეს რეზერვისტები ვინმეზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. როდესაც ბორჯომის ტყე-პარკი იწვოდა [ხანძარი 26 სექტემბერს გაჩნდა],  სამხედროებმა [რეზერვისტებმა] ხანძრის ჩაქრობაში მიიღეს მონაწილეობა. ამგვარად, ეს ჯარები საჭირონი არიანი საგანგებო სიტუაციების დროს“, განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე გააკრიტიკა “ე.წ. პოლიტიკოსები“, რომელთაც სკეპტიკური განწყობა აქვთ ძლიერი რეზერვისტთა არმიის შექმნის მიმართ.       


თითოეულ სარეზერვო ბატალიონში 360 სამხედროა. ბატალიონებში ქართველი პარლამენტარებიც მსახურობენ.

მსგავსი/Related

Back to top button