ახალი ამბები

ამერიკული ბიზნესი საქართველოთი ინტერესდება

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას უცხოელი ინვესტორების მოზიდვისა და ქვეყანაში ახალი ბიზნესპროექტების განხორცილების კუთხით. ამჯერად, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით ამერიკული ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რომელთაც 7-8 ოქტომბერს თბილისში გამართულ ამერიკა-საქარველოს ბიზნესსაბჭოს ორდღიან კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისადმი მზარდი ინტერესი გამოხატეს.


“ამ კონფერენციის მიზანს წარმოადგენს, იმ ბიზნესმენების ერთად თავმოყრა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების განხორცილებით, ასევე მათთვის ქვეყნის ბიზნეს-პოტენციალის გაცნობა”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საქართველო-აშშ-ს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტმა ენდერს ვიმბუშმა. 


მისი თქმით, ბიზნესმენებისათვის განსაკუთრებულ ნდობას იწვევს ის ფაქტი, რომ ისინი უშუალოდ საქართველოს მთავრობისაგან ისმენენ იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების მიზნით კეთდება საქართველოში.


ამერიკა-საქართველოს რიგით მეშვიდე კონფერენციაზე სახელწოდებით “საქართველოს გრძელვადიანი პერპექტივა”, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ასევე ქართველი და ამერიკელი ბიზნესმენები იღებდნენ, განიხილებოდა საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიისა და ცალკეული დარგების მიხედვით ქვეყნის განვითარების პერსპექტივები.


პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ თავის გამოსვლაში ყურადღება იმ დადებით ტენდენციებზე გაამახვილა, რაც ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეიმჩნევა. მან ხაზი გაუსვა საბიუჯეტო სფეროს მოწესრიგებასა და შემოსავლების მატების ტენდენციებს, ასევე კორუფციის მასშტაბების მკვეთრ შემცირებას, ქვეყნის მზადყოფნას ინვესტორებს შეექმნას მუშაობისთვის შესაფერისი პირობები, მათ შორის ახალი საგადასახდო სისტემის ამოქმედების საფუძველზე.


საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ივლისში გამოაქვეყნა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, სადაც მსხვილი და სტრატეგიული საწარმოებიც შედის. საქართველოს მთავრობის პროგრამა მაქსიმუმი  2004-2006 წლებში 372-ვე საპრივატიზაციო ობიექტის სარფიანი გაყიდვაა.


“ამერიკელ პოტენციურ ინვესტორებში საქართველოს მიმართ ძალიან ოპტიმისტური განწყობაა, ისინი ხედავენ, რომ ახალმა მთავრობამ დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ზოგადი სურათი სტაბილურია, თუმცა მაინც არამდგრადი. ასევე, ისინი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ახალი საგადასახადო კოდესის მიმართ, რაც უცხოელი ინვესტორებისათვის დაინტერესების ნომერ პირველ სფეროს წარმოადგენს”, აცხადებს ენდერს ვიმბუში.


მისი თქმით, ამერიკელი ბიზნესმენები საქართველოს ყოველთვის დიდი ინტერესით უყურებდნენ, მაგრამ გასული 2-3 წლის მანძილზე მათი ინტერესი კაპიტალდაბანდების კუთხით მკვეთრად იყო შემცირებული, “დღეს კი გაუმჯობესებული ბიზნესგარემო სახეზეა”.


“ჩვენი ამერიკელი პარტინიორები ჩამოყალიბდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს კარგი მომენტია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისათვის, საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან მყარი განზრახვა, რომ გაუმჯობესდეს საინვესტიციო კლიმატი და ბევრად უფრო ეფექტურია იმ საქმიანობაში, რასაც ინვესტიციების მოზიდვა ჰქვია”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩველმა გიორგი ბედინეიშვილმა.


ამერიკელი ინვესტორების კონკრეტული ინტერესები გამოიკვეთა ენერგეტიკის, ტურიზმის, კომუნაკაციების სფეროში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ბათუმისა და ფოთის პორტებსა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში.


“ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო კორიდორი ქვეყნის, პორტებით, ასევე ზოგადად ზღვის სანაპირო ზოლით, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საუკეთესო პოტენციალს შეიცავს”, განაცხადა ენდერს ვიმბუშმა.


ტრადიციულ დარგებთან ერთად ბიზნესმენები დაინტერესდნენ საბანკო, სადაზღვევო საქმით, უძრავი ქონების დარგით და სხვა ისეთი სფეროებით, რომლებიც გიორგი ბედინეიშვილის განცხადებით, “არ იწვევდა ადრე მათ ინტერესს”.


თუმცა ამ ეტაპზე თავად ინვესტორები იკავებენ თავს იმ კონკრეტული პროექტების დასახელებისაგან, რომელთა მიმართ ინტერესი უკვე გამოიკვეთა. კონფიდენციალობის მომენტს ასევე იცავს საქართველოს მთავრობაც, რომელიც ჯერ-ჯერობით თავს არიდებს მიღწეულ შეთანხმებებზე საუბარს.


“არის რამოდენიმე კონკრეტული ძალიან საინტერესო წინადადება, რომლის საჯაროდ გამოტანისგან ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებთ”, აცხადებს გიორგი ბედინეიშვილი.


“მე დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე დროში ჩვენ ბევრი პერსპექტიული ბიზნეს-შეთანხმების მოწმენი გავხდებით”, დასძენს ენდერს ვიმბუში “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში.


თუმცა სადაზღვევო ბიზნესის სფეროში ერთი კონკრეტული ინტერესის შესახებ მაინც ხდება ცნობილი. მსხვილი სადაზღვევო კომპანიის, ამერიკის საერთაშორისო ჯგუფის (AIG) პრეზიდენტი გამოთქვამს სურვილს წლის ბოლომდე თბილისში კომპანიის ფილიალის გახსნის შესახებ.


ასევე, ამერიკის უცხოური ინვესტიციების წახალისების სააგენტომ საქართველოს სალიზინგო კომპანიასთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს სალიზინგო ინფრასტრუქტურის განვითარებას.


როგორც “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელი დირექტორი მამუკა წერეთელი აცხადებს, ამ ტიპის შეთანხმებების მისაღწევად მსგავსი ფორუმები იდეალური საშულებაა.


“ჩვენი მიზანი იყო ჩამოგვეყანა ახალი ინვესტორთა ჯგუფები, რათა უფრო ახლოს გაცნობოდნენ საქართველოში საინვესტიციო პოტენციალს, ჩვენ ამ შეხვედრიდან დღესვე რაიმე კონკრეტული ხელშეკრულებების გაფორმებას არ ველით, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ რეალურ თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყრება”, დასძინა წერეთელმა.



 

მსგავსი/Related

Back to top button