ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლება ბიზნესს ე.წ. ფინანსურ ამნისტიას ჰპირდება

დღეს მთავრობის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა, ე.წ. ფინანსური ამნისტიის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გააკეთა.
 
მისი განცხადებით, მთავრობა იხილავს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების, ფინანსების და ქონების ლეგალიზებას.
 
“ამით ქვეყნის ხელისუფლება იღებს უპრეცედენტო გადაწყვეტილებას”, აცხადებს ზურაბ ჟვანიამ.
 
კანონპროექტის მიხედვით, არც ერთ მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოს 2004 წლის 1 იანვრამდე განხორციელებული სამერწარმეო საქმიანობის შემოწმების უფლება არ ექნება, თუ ამიერიდან მეპატრონე სრულყოფილად წარმოადგენს საფინანსო და ქონებრივ დეკლარაციას.
 
კანონპროექტი ვრცელდება მათზე, ვისაც 2004 წლის 1 იანვარმდე დაუგროვდა საგადასახადო დავალიანება. თუმცა იგი არ ეხება იმ ბიზნესმენებს, რომელთა წინააღმდეგაც  სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
 
პრეზიდენტის თქმით, კანონის მიზანია ბიზნესის ხელშეწყობა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. “ჩვენ ბიზნესმენებს არ ვერჩით და არც შევეხებით”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
ზურაბ ჟვანიას თქმით, კანონპროექტი ორი კვირის შემდეგ პარლამენტს წარედგინება.

მსგავსი/Related

Back to top button