ახალი ამბები

გიორგი ბარამიძე ვალერი ევნევიჩს და მარატ კულახმეტოვს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე დღეს თბილისში მყოფ რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილეს ვალერი ევნევიჩს და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების მთავარსარდალს მარატ კულახმეტოვს შეხვდა.
 
შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, საუბარი შეეხო  კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას, არსებული შემოვლითი გზების და როკის გვირაბის გაკონტროლების საკითხებს.
 
“როკის გვირაბი უნდა გაკონტროლდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩაკეტილია; ეს გვირაბი კი არ წარმოადგენს ამ ორ ქვეყანას შორის გადაადგილების მთავარ მაგისტრალს“, განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
 
მარატ კულახმეტოვის განცხადებით, საკითხი პოლიტიკოსების გადასაწყვეტია და არა სამხედრო პირების. “ჩვენი მთავარი მისია მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაა”, განაცხადა კულახმეტოვმა.
 
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამშვიდობო ძალების მიმართ ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობის დაცვაა. “ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სამშვიდობო ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება ”, დასძინა ბარამიძემ.

მსგავსი/Related

Back to top button