ახალი ამბები

საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარი კვლავ ჩაკეტილია

დღეს რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს საზღვრის ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის დროებით გახსნასთან დაკავშირებით. ამავე ინფორმაციით, 4 საათით საზღვარი მხოლოდ რუსეთიდან სომხეთისაკენ მიმავალი ტვირთებისათვის უნდა გახსნილიყო. თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი.


“გუშინ და დღეს იყო საუბარი საზღვრის 2 საათით გახსნის შესახებ, თუმცა არა მხოლოდ სომხური ტვირთების გასატარებლად, მაგრამ ამ დრომდე საზღვარი ჩაკეტილი რჩება”, განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში საბაჟო დეპარტამენტის ჩრდილოეთის განყოფილების უფროსმა კახა მიქელაძემ.


მისი განცხადებით, ბესლანის ტრაგედიის შემდეგ ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა მხოლოდ 8 და 12 სექტემბერს 2-2 საათით მოხერხდა საზღვრის გახსნა.


“საქართველოს მხრიდან სატვირთო ავტომობილების კოლონა საზღვართან აღარ დგას, რადგანაც მანქანების უმეტესობა საზღვრის გახსნას სხვადასხვა საბაჟო ტერმინალებში ელოდება, ხოლო რუსეთის მხრიდან 460-მდე დატვირთული ავტომობილი დგას საზღვართან”, განაცხადა კახა მიქელაძემ.


საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტმა საზღვრის ჩაკეტვის გამო 3-4 მილიონი ლარის ოდენობით დანაკლისი განიცადა, მათ შორისაა ფიზიკური პირებისა და ტვირთების განბაჟების პოტენციური თანხები.

მსგავსი/Related

Back to top button