ახალი ამბები

არძინბა სამოქალაქო ომის თაობაზე გაფრთხილებას იძლევა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ 6 ოქტომბერს  გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აფხაზეთის მოსახლეობას სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. იგი ასევე აკრიტიკებს აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) გადაწყვეტილებას გალის რაიონში განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე.


არძინბას თქმით, ცსკ-მ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერთა ზეწოლის შედეგად მიიღო.


“არის რეალური საშიშროება იმისა, რომ პირველი საკამათო არჩევნები აფხაზეთის რესპუბლიკაში სამოქალაქო ომში გადაიზარდოს“, ნათქვამია თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის განცხადებაში.


6 ოქტომბერს აფხაზეთის ცსკ-მ მიიღო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის სერგეი ბაღაფშის წინადადება და გალის რაიონში 17 ოქტომბერს განმეორებითი არჩევნები დანიშნა, მას შემდეგ რაც ცსკ-მ გალის რაიონის სამივე საარჩევნო უბნის შედეგები ბათილად ცნო.


ბაღაფშის მთავარი მეტოქის, სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას თქმით, გალში ჩატარებული არჩევნებზე მთელი რიგი დარღვევები დაფიქსირდა. იგი მთელი რეგიონის მასშტაბით არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.


ბაღაფშის თქმით, გალში დარღვევები არ ყოფილა, თუმცა იგი კომპრომისზე წავიდა და ეთნიკური ქართველებით დასახლებულ რაიონში განმეორებითი არჩევნების ჩატარებაზე დათანხმდა.

მსგავსი/Related

Back to top button