ახალი ამბები

მცდელობა აფხაზეთში დაძაბულობის განსამუხტავად წარუმატებელი აღმოჩნდა

საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმის“ ცნობით, აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა როინ აგრბამ განაცხადა, რომ მცდელობა აფხაზეთში არჩევნების შემდგომი დაძაბულობის განსამუხტავად „პრაქტიკულად წარუმატებელი აღმოჩნდა“.


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ვლადისლავ არძინბას ორსაათიანი შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტობის კანდიდატებთან რაულ ხაჯიმბასთან და სერგეი ბაღაფშთან. ორივე მათგანი არჩევნებს მოგებულად თვლის.  როინ აგრბას განცხადებით, არძინბამ განმეორებითი არჩევნები შესთავაზა ორ წამყვან კანდიდატს. თუმცა, ბაღაფშის მხარდამჭერი ოპოზიცია უარზეა, და მხოლოდ გალის რაიონში განმეორებით არჩევნებზე თანხმდება.


დაძაბულობა რეგიონში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნათელი გახდა, რომ არძინბას კანდიდატი რაულ ხაჯიმბა არჩევნებს ვერ იგებდა. ხაჯიმბას თქმით, არჩევნები გალის რაიონში გაყალბდა, თუმცა დამკვირვებელთა თქმით, ხაჯიმბას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს არ შეუტანიათ რაიმე საჩივარი 3 ოქტომბერს გალის რაიონში დაფიქსირებული დარღვევების თაობაზე.

მსგავსი/Related

Back to top button