ახალი ამბები

აფხაზეთის ცსკ: ბაღაფში არჩევნებში ლიდერობს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საარჩევნო უბნიდან მიღებული ხმები, გარდა გალის რაიონისა, უკვე დათვლილია. ამ ხმების მიხედვით, ოპოზიციურმა კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა ხმების 45,7% მოაგროვა; ხოლო რაულ ხაჯიმბამ, რომლის კანდიდატურასაც დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა და კრემლიც უჭერს მხარს, ხმების 38,4% მიიღო, აცხადებს „რია ნოვოსტი“ და რუსული გაზეთი „კომერსანტი“.


აფხაზეთის საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მოაგროვოს გამარჯვების მოსაპოვებლად. გალის რაიონის შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საბოლოო შედეგებისთვის. ცსკ-ს წარმომადგენელთა განცხადებით, ხმების დათვლას გალის რაიონში დაფიქსირებული მთელი რიგი პროცედურული დარღვევები აფერხებს.


ხმების უმრავლესობას გალის რაიონში, სავარაუდოდ, ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში მოაგროვებს, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს.  მისი ოპონენტის რაულ ხაჯიმბას თქმით, გალის რაიონში ჩატარებულ არჩევნებზე მთელი რიგი დარღვევები დაფიქსირდა.


ცენტრალური საარჩევნო კომისია 6 ოქრომბერს შეიკრიბება და გადაწყვეტს, გააუქმოს თუ არა გალში არჩევნების შედეგები. თუ გალის შედეგები გაუქმდება, მაშინ არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.  


 

მსგავსი/Related

Back to top button