ახალი ამბები

ხაჯიმბა არჩევნების შედეგების ანულირებას მოითხოვს

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ 5 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირება მოითხოვა მთელი რიგი პროცედურული დარღვევების გამო.


“პროკურატურას და სასამართლოს დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევების საკმარისი ფაქტები გადავეცით“, აცხადებს “იტარ-ტასი“ ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით. მისი თქმით, ყველაზე მეტი დარღვევა გალის რაიონში დაფიქსირდა.


“უამრავი დამადასტურებელი ფაქტი გაგვაჩნია იმისა, რომ არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა. ამ ფაქტების საფუძველზე ჩვენ შევეცდებით შედეგების ანულირებას მივაღწიოთ, გალის რაიონში მაინც“, განაცხადა რაულ ხაჯიმბამ 5 ოქტომბერს სოხუმში გამართულ ბრიფინგზე.


“საარჩევნო უბნებთან [გალის რაიონში] შეიარაღებული ჯგუფები შეინიშნებოდა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ბევრ ამომრჩეველს, რომელთაც გალში მისცეს ხმა, ქართული პასპორტები ჰქონდათ,“ დასძინა მან.


რაულ ხაჯიმბამ იმედი გამოთქვა, რომ აფხაზი ხალხი გონიერებას გამოიჩენს და არსებული სიტუაცია შეიარაღებულ კონფრონტაციამდე არ მივა.


ცოტა ხნის წინ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ აფხაზეთის ცსკ-ის თავმჯდომარის სერგეი სმირის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ კომისიამ დათვალა ხმები სოხუმისა და გაგრის საარჩევნო უბნებში. ამ შედეგების მიხედვით, არჩევნებში რაულ ხაჯიმბა უმნიშვნელოდ უსწრებს თავის მთავარ მეტოქეს ოპოზიციური კოალიციიდან სერგეი ბაღაფშს, რომელმაც მასთან შედარებით მხოლოდ 200 ხმით ნაკლები მოაგროვა ამ ოლქებში.      
 

მსგავსი/Related

Back to top button