ახალი ამბები

ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები აფხაზეთის არჩევნების შედეგებს ბუნდოვანს ხდის

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ გავრცელებულმა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციამ გაუგებრობა გამოიწვია.
 
აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) განცხადებით, საინფორმაციო არხებით გავრცელებული ყველა წინა ინფორმაცია 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ არაზუსტია. ცსკ-ს თავმჯდომარემ სერგეი სმირმა სოხუმში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნების წინასწარი შედეგები მხოლოდ 4 ოქტომბრის საღამოს გახდება ცნობილი.
 
ინფორმაცია არჩევნების შედეგების თაობაზე, რომლის მიხედვითაც რაულ ხაჯიმბამ ხმების 53%-ით გაიმარჯვა, აფხაზეთის საარჩევნო კომისიის წევრებმა გაავრცელეს. გარდა ამისა, ცსკ-ს ვებ-გვერდმა, რომელიც ოფიციალურად იქნა მიჩნეული, თუმცა მოგვიანებით უარყოფილი აფხაზეთის დე ფაქტო ოფიციოზის მიერ, 4 ოქტომბერს კანდიდატებს შორის ხმების განაწილების ამსახველი დიაგრამაც კი გამოაქვეყნა. თუმცა, იმავე დღეს ეს დიაგრამა მოხსნეს. ცსკ-ს განცხადებით, მას ვებ-გვერდი არასოდეს ჰქონია.
 
ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციების გავრცელება არჩევნების შედეგების თაობაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სერგეი ბაღაფშმა არჩევნების შედეგები გააპროტესტა. მან ხმების 33.5% მიიღო. არსებული ინფორმაციით, ოპოზიციამ დაგმო არჩევნების შედეგები გაყალბების გამო და ხმების ხელახალი დათვლა მოითხოვა.   
 
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის“ ცნობით, 4 ოქტომბერს სოხუმში ცსკ-ს შენობის წინ სერგეი ბაღაფშის 100-მდე მხარდამჭერი შეიკრიბა, რომლებიც არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ითხოვდნენ.
 
თუმცა, ცსკ-ს თავმჯდომარის სერგეი სმირის განცხადებით, არჩევნების შედეგების გამოქვეყნება მას შემდეგ გადაიდო, რაც პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა – რაულ ხაჯიმბამ და სერგეი ბაღაფშმა პროცედურული დარღვევების გამო ცსკ-ს მიმართეს.
 
რუსული ტელეკომპანია “ნტვ“-ს ცნობით, სერგეი ბაღაფში საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე აცხადებს, რომ მან არჩევნებში ხმების 56% მოიპოვა.

მსგავსი/Related

Back to top button