ახალი ამბები

ზურაბიშვილი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო

რუსული გაზეთთან “ნოვიე იზვეტიასთან” ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი ასტანაში, დსთ-ს 15-16 სექტემბრის სამიტზე დაიწყო.


“[ურთიერთობების] დათბობა დღესაც არ შეინიშნება, მაგრამ, ჩემი შეხედულებით, ორივე მხარე მზადაა რეალური პრობლემების განსახილველად, რადგან არსებული სიტუაცია არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მე მხედველობაში მაქვს ანტიქართული ისტერია რუსეთში და ანტირუსული გამოსვლები საქართველოში. ეს გზა არსად მიდის”, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 
 
მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინის თბილისში ჩამოსვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგანაც  არ არის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერის “რეალური შანსი”.


თუმცა ქართული მხარის მოწვევით ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩამოდის. “მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება საუბარი პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრაზე საქართველოში”, აცხადებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
 
მისი აზრით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთის მაქსიმალური როლი მედიატორის ფუნქციის შესრულებაა, რაც მისცემს რუსეთს შესაძლებლობას მოიპოვოს რეალური გავლენა რეგიონში. თუმცა, “რუსეთი რომ აქამდე მივიდეს, საჭიროა დრო და ნდობის ეტაპობრივი აღდგენა საქართველოსთან”, დასძენს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი/Related

Back to top button