ახალი ამბები

გოგა ხაინდრვა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ “აფხაზეთში გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა“; თუმცა, მან ვერ დაადასტურა ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ  პრეზიდენტობის ორი კანდიდატის მხარდამჭერებს შორის შეტაკებაც კი მოხდა.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) წინასწარი შედეგებით, რომელიც მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბა ლიდერობს ხმების 52,8%-ით, ხაჯიმბას მთავარმა მეტოქემ ოპოზიციიდან სერგეი ბაღაფშმა კი ხმების 33,5% მიიღო.


“არა მგონია, რომ სინამდვილეში ხაჯიმბას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს აფხაზეთში ვიდრე ბაღაფშს. მიმდინარე კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ბაღაფშს ძალიან ძლიერი და გავლენიანი მხარდამჭერები ჰყავს, მათ შორის ოპოზიციური მოძრაობები “ამცახარა“ და “აიტაირა“. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ხაჯიმბა და მისი მხარდამჭერები, მათ შორის რუსი პოლიტიკოსებიც, რომლებიც ამჟამად აფხაზეთში იმყოფებიან, შეეცდებიან მოლაპარაკებების გზით გარიგებაზე დაიყოლიონ ბაღაფში, არ არის გამორიცხული, რომ მას პრემიერ-მინისტრის პოსტიც კი შესთავაზონ, რათა დაძაბულობა, რომელიც დღეს არსებობს, როგორმე განიმუხტოს“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს 4 ოქტომბერს.


მან კიდევ ერთხელ დაგმო არჩევნები, როგორც “არალეგიტიმური“ და არჩევნებში ხაჯიმბას გამარჯვებას “დანიშვნა“ უწოდა. მხედველობაში ჰქონდა რა კრემლის მხარდაჭერა.


ხაინდრავას თქმით, თბილისისთვის უფრო ადვილი იქნება პრორუსული მიმართულების ხაჯიმბასთან ურთიერთობა, ვიდრე ნაციონალისტ ბაღაბშთან.


“თუ მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობები დაახლოვდება და ვფიქრობ ეს ასეც მოხდება, ქართული მხარისთვის უფრო ადვილი გახდება ხაჯიმბასთან მოლაპარაკება. ხაჯიმბა, რომელიც რუსეთის უშიშროებას ემსახურება, მოსკოვის ყველა ინსტრუქციას პირნათლად შეასრულებს“, დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.    

მსგავსი/Related

Back to top button