ახალი ამბები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დებატები გაიმართება

დღეს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იხსნება, რომელიც 8 ოქტომბრამდე გასტანს. სესიას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც ესწრება, რომელთა ინიციატივითაც დღეს ასამბლეის ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგს დაემატა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დებატების გამართვის საკითხი.


წინასწარი დღის წესრიგით საქართველოს თემატიკა განსახილველ საკითხთა შორის არ იყო გათვალისწინებული. თუმცა საპარლამენტო ასამბლეის მიერ ბიუროს გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში 7 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით ერთსაათიანი დებატები გაიმართება, რომლის დროსაც აქცენტები კონფლიქტების მოგვარებასა და ორ ქვეყანას შორის სხვა პრობლემატურ საკითხებზე გაკეთდება. 


“მოსალოდნელი არ არის რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ამ დებატების შედეგად, რადგან მისი დღის წესრიგში ჩასმა ქართული დელეგაციის მოთხოვნის შედეგად სრულიად მოულოდნელად მოხდა”, განუცხადეს “სივილ ჯორჯიას” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს წარმომადგენლობაში.


4-8 ოქტომბრის სესიაზე ასევე განსახილველ საკითხთა შორისაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ვალდებულებათა შესრულება და სხვა.

მსგავსი/Related

Back to top button