ახალი ამბები

2005 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს გადაეგზავნა

2005 წლის ბიუჯეტის პროექტი კონსტიტუციური მოთხოვნის შესაბამისად მთავრობამ პარლამენტში 1 ოქტომბრამდე შეიტანა. საქართველოს ხელისუფლება პრიორიტეტულად მომავალი წლისათვის სოციალურ სფეროს და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას აცხადებს.


2005 წლის ბიუჯეტის პროექტში ხარჯები 2,1 მილიარდ ლარს აღემეტება, ხოლო შემოსავლები გრანტების გარეშე 1,7 მილიარდზე მეტია.


“ჯერ-ჯერობით არ ვართ ჩამოყალიბებული იმ პრიორიტეტებზე, რომლებსაც დონორებს შევთავაზებთ, შესაბამისად გრანტების საერთო ოდენობა განსაზღვრული არ არის”, აცხადებს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია.


საერთო ჯამში 2005 წლის ბიუჯეტი წლევანდელ ბიუჯეტს მხოლოდ  7%-ით აღემატება, თუმცა უპრეცედენტოდ დიდია გასულ წლებში დამტკიცებულ ბიუჯეტებთან შედარებით. 


2005 წლის ბიუჯეტი ეყრდნობა იმ ახალ საგადასახდო სისტემას, რომელიც ჯერ პარლამენტს არ მიუღია, თუმცა მისი დამტკიცება 2005 წლამდე უნდა მოხდეს.


ბიუჯეტის პროექტში თავდაცვის სფეროს პარალელურად, ძირითადი აქცენტები სიღარიბის დაძლევის ღონისძიებებსა და სახელფასო და საპენსიო დავალიანებების სრულ დაფარვაზე კეთდება. ასევე გათვალისწინებულია სახელფასო მინიმუმის 115 ლარამდე გაზრდა.

მსგავსი/Related

Back to top button