ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა აფხაზეთის არჩევნების საქართველოს სასარგებლო მომენტებზე მიანიშნებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის “პრო-ქართული“ წარმომადგენელი არ არსებობს, თუმცა, დასძინა, რომ თბილისისთვის ყველაზე მისაღებია რაულ ხაჯიმბას, ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის, კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე.


“საქართველოს ხელისუფლებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებში. იქ პრო-ქართული კანდიდატები არ არიან“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ 1 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.


თუმცა, აქვე დასძინა, რომ უკეთესი იქნება, თუ არჩევნებს ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა მოიგებს.


“როდესაც რუსეთისა და საქართველოს პოზიციები დაახლოვდება, უფრო ადვილი იქნება რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკება, რომელიც რუსეთისთვის ყველაზე მისაღებ კანდიდატს წარმოადგენს“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


რაულ ხაჯიმბას მთავარი მეტოქე არჩევნებში სერგეი ბაგაფშია. იგი აფხაზეთის ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელია. მის კანდიდატურას აფხაზეთის წამყვანი ოპოზიციური მოძრაობები “ამცახარა“ და “ერთიანი აფხაზეთი“ უჭერენ მხარს.  

მსგავსი/Related

Back to top button