ახალი ამბები

როინ მეტრეველი თსუ-ს რექტორის თანამდებობიდან გადადგა

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) “დიდი სამეცნიერო საბჭოს” სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილიც ესწრებოდა, უნივერსიტეტის რექტორმა როინ მეტრეველმა გააკეთა ოფიციალური განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.


გადადგომამადე, 30 სექტემბერს უნივერსიტეტის რექტორმა პრორექტორის თანამდებობაზე საქართველოს ელჩი იტალიაში რუსუდან ლორთქიფანიძე დანიშნა. რუსუდან ლორთქიფანიძე თსუ-ს რექტორობის რეალურ კანდიდატად მოიაზრება, თუმცა იგი სამეცნიერო საბჭომ უნდა დაამტკიცოს ამ პოსტზე. 


სააკაშვილი რუსუდან ლორთქიფანიძეს უნივერსიტეტის რექტორობისთვის შესაფერის კანდიდატურად მიიჩნევს, თუმცა “რექტორის არჩევა ეს უნივერსიტეტის პრეროგატივაა”, აცხადებს პრეზიდენტი.


თუმცა “მემარჯვენე ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ხელისუფლებას უნივერსიტეტის შიდა საქმეებში “უხეში” ჩარევის გამო აკრიტიკებს. “არ შეიძლება რექტორი პრეზიდეტმა დანიშნოს”, დასძენს იგი.


როინ მეტრეველი თსუ-ს 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 2003 წლის 21 აპრილს რექტორის არჩევნებზე იგი მესამე ვადით აირჩიეს თანამდებობაზე. მაშინ და მოგვიანებითაც “ვარდების რევოლუციის” დროს სტუდენტების ნაწილი, რომელიც რექტორს მმართველობის ავტორიტატულ სტილსა და კორუფციაში ადანაშაულებდნენ, როინ მეტრეველის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აწყობდნენ. თუმცა მან თანამდებობა ამ დრომდე შეინარჩუნა.

მსგავსი/Related

Back to top button