
ახალი ამბები
სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ახალი პრეზიდენტი აირჩია
დღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 87 ხმით ახალ პრეზიდენტად ჯემალ ინაიშვილი აირჩია. 9 აგვისტომდე ჯემალ ინაიშვილი ფოთის პორტს ხელმძღვანელობდა. მას, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ჩვენი აჭარა”-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს, ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ასლან აბაშიძის აჭარის ხელისუფლებიდან განდევნაში.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც ასევე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებელია, 6 თვიანი მმართველობის შემდეგ საკუთარი განცხადების საფუძველზე აგვისტოს ბოლოს ეს თანამდებობა დატოვა.
“მთავრობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობას”, განაცხადა დღეს სხდომაზე მიწვეულმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.