ახალი ამბები

პრეზიდენტმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი მიიღო. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში, შეხვდერები უკვე გამართა თავის ქართველ კოლეგასთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან.


შეხვედრების დროს განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების  ფართო სპექტრი. მათ შორის რეგიონული პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთობების საკითხები, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენის მშენებლობისა და “ბაქო-თბილისი-ერზერუმის” გაზსადენის დაგეგმილი მშენებლობის საკითხები.


“ჩვენ ვთვლით, რომ აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც უნდა განვითარდეს, რადგან ჩვენ ბევრ საკითხებში ერთნაირი პოზიცია გაგვაჩნია”, აღნიშნა 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ელმარ მამედიაროვმა.


მისი თქმით, ნავთობის მსოფლიო ფასებზე ბოლო დროს დაფიქსირებული მატება არ აისახება საქართველოს სატრანზიტო ტარიფებზე, რომელიც “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენიდან უნდა მიიღოს.


“ჩვენ ინტენსიურად განვიხილეთ სატრანსპორტო დერეფნის საკითხი. ეს არის კასპიის ზღვის ანუ ბაქოს პორტის შეერთება შავი ზღვის შესაბამის პორტებთან – ბათუმთან და ფოთთან, ტვირთების გადატანა ჩინეთიდან დაწყებული შუა აზიის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით და შემდგომ ევროპაში”, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ელმარ მამედიაროვი თბილისიდან დღეს გაემგზავრება.

მსგავსი/Related

Back to top button