ახალი ამბები

თბილისი მზად არის მოსკოვს პანკისის მოსახლეობის ზუსტი სია მიაწოდოს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 2 ოქტომბერს კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველო მზად არის რუსეთის ხელისუფლებას პანკისის ხეობის მოსახლეობის სრული სია მიაწოდოს. ამგვარი გადაწყვეტილება დაეხმარება რუსეთს უკუაგდოს ეჭვები იმის თაობაზე, რომ პანკისში ტერორისტები იმყოფებიან.


“რუსი კოლეგების მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის მიაწოდოს მათ იმ ადამიანთა სია, რომლებიც ამჟამად პანკისში ცხოვრობენ“, აცხადებენ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ოქრუაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც კიევში დსთ-ის შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტს დაესწრო.


ოქრუაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს აჩიმეზ გაჩიაევი, რომელიც მოსკოვში 1999 წელს საცხოვრებელი სახლების აფეთქების გამო რუსეთის სამართალდამცავების მიერ იძებნება, პანკისში იმალება.


21 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა უშიშროების სამინისტროსთან ერთად პანკისის ხეობაში რეიდი ჩაატარეს. მათ კარდაკარ დაიარეს პანკისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები და მათი დოკუმენტები შეამოწმეს. 


 

მსგავსი/Related

Back to top button