
პრეზიდენტმა რეგიონებში სამი ახალი რწმუნებული დანიშნა
28 სექტემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე სამი ახალი სამხარეო რწმუნებულის დანიშვნის თაობაზე გააკეთა განცხადება.
იმერეთის გუბერნატორის პოსტზე დავით მუმლაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემ შეცვალა. მუმლაძის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონსა თუ მის ფარგლებს გარეთ ბოლო დროს არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულად უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა დაინიშნა. მან ამ პოსტზე ლერი ჭითანავა შეცვალა.
“მე იმერეთისა და სამეგრელოს გუბერნატორების 9 თვიანი მუშაობით არ ვარ უკმაყოფილო, თუმცა დღეს საჭიროა ისეთი საკადრო ცვლილებები, რომელიც შექმნის მყარი ეკონომიკური ზრდის საფუძველს”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
ახალი გუბერნატორი ჰყავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონსაც. ამ პოსტზე პრეზიდენტმა დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან გოგა ხაჩიძე დანიშნა.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ახალი რწმუნებული პარლამენტარი ჯანი კალანადაძე დაინიშნა გურიის მხარეშიც.