
მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა იგეგმება
30 სექტემბერს მოსკოვში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტოლო კომისიის სხდომის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, როგორც ქართული, ისე ოსური მხარე.
განსახილველ საკითხთა შორის იქნება კონფლიქტის ზონაში სტაბილური ვითარების შენარჩუნება და შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მაღალ დონის შეხვედრის ორგანიზება. ასევე განიხილება უკვე მიღწეული შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტისა და დამატებითი სამხედრო შენაერთებისაგან რეგიონის გაწმენდის შესახებ.
შერეული საკონტროლო კომისია დაამტკიცებს რუსეთის სამშვიდობო ძალების ახალ სარდალს მარატ კულახმეტოვს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამ პოსტზე სვიატოსლავ ნაბზდოროვი შეცვალა.
შერეული საკონტროლო კომისიის უკანასკნელი სხდომა 18 აგვისტოს შედგა, როცა მხარეები რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, ქართულმა მხარემ 31 მაისის შემდეგ ოთხჯერ განახორციელა როტაცია ქართულ სამშვიდობო ძალებში, “არადა წესით როტაცია 6 თვეში ერთხელ უნდა განხორციელდეს”. ამასთან, ჩოჩიევის განცხადებით, “ვერ ვახერხებთ [ოსური მხარე] გავეცნოთ იმ სამშვიდობოთა სიას, რომელთა ჩანაცვლებაც ხორციელედება”.
“სისტემატური ცვლილება ხდება იმისთვის, რომ უფრო მეტმა სამხედრომ გაიცნოს რეგიონის ტერიტორია და მზად იყოს საომარი მოქმედებისთვის“, განუცხადა ბორის ჩოჩიევმა რუსულ სააგენტო “რია ნოვოსტის“ 23 სექტემბერს.