
სააკაშვილი: საქართველო აღარ განათავსებს უცხოურ სამხედრო ბაზებს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ “საქართველო მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს და აღარ განათავსებს უცხოურ ბაზებს თავის ტერიტორიაზე“.
მისი თქმით, რუსეთის ბაზები “იმ დროის გადმონაშთია, რომელიც აღარ არსებობს. ეს ბაზები იმ ქვეყნის შემდეგ დარჩა [საბჭოთა კავშირი], რომელიც აღარ არსებობს“.
ცოტა ხნის წინ, რუსული მედია კრემლის წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზების საქართველოში შესაძლო განლაგების საკითხი მნიშვნელოვნად აფერხებს რუსეთსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერას.
რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ხელშეკრულებაში შევიდეს პუნქტი, რომელიც აუკრძალავს საქართველოს თავის ტერიტორიაზე რომელიმე უცხოური ქვეყნის სამხედრო ბაზები განათავსოს. თუმცა, საქართველო ამ პუნქტის დამატებაზე უარს აცხადებს.