
ერაყში ქართული ჯარები გაეროს მისიის “დაცვის ძალებში” იმსახურებენ
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო “ახალ ძალებს გააგზავნის ერაყში, რომლებიც გაეროს მისიის სპეციალურ დაცვაში იმსახურებენ“.
თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, არ დააკონკრეტა, თუ რამდენი ჯარისკაცი გაიგზავნება ერაყში და როდის. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 7 სექტემბერს ერაყში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ოქტომბერიდან საქართველო გაზრდის ერაყში თავისი ჯარის კონტიგენტს 159-დან 300-მდე.
მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველო, “როგორც გლობალური კოალიციის წევრი, რომელიც იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ“, კვლავ განაგრძობს შესაძლებობისა და საჭიროების ფარგლებში თავისი წვლილის შეტანას ამ საქმეში.
ამჟამად, მე-16 სამთო ბატალიონის 50 ჯარისკაცი და ოფიცერი გერმანიაში გადის მომზადებას, რის შემდეგაც ისინი ავღანეთში გაემგზავრებიან. ქართველი სამშვიდობოები ასევე მსახურობენ კოსოვოში.