skip to content
ახალი ამბები

პანკისის ხეობაში რეიდი ჩატარდა

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამინისტროსთან ერთად პანკისის ხეობაში სპეციალური შემოწმება ჩაატარა, რომლის დროსაც სამართალდამცველთა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ჩეჩნეთიდან ლტოლვილი მოსახლეობა მოექცა.

ეს ღონისძიება, მას შემდეგ ტარდება, რაც რუსეთის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა კვლავ გამოთქვა ვარაუდი პანკისში ტერორისტების არსებობის შესახებ.
 
უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ, რომელიც 20 სექტემბერს პანკისში იმყოფებოდა, ბოლო დროინდელ ბრალდებებს, ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობის შესახებ “დეზინფორმაცია” უწოდა.
 
“ეს ინფორმაცია შორს არის სიმართლისგან, რაც ჩატარებულმა რეიდმაც დაადასტურა“, განაცხადა გიგი უგულავამ.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გია გეწაძის განცხადებით, პანკისის ხეობაში უახლოეს პერიოდში საპატრულო პოლიცია დაიწყებს პატრულირებას. 
 
პანკისის ხეობაში “საერთაშორისო ტერორისტების” ყოფნის შესახებ განცხადება 13 სექტემბერს საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ მაილსმა გააკეთა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ უარყო.

ამას მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი ლოშჩინინის განცხადება იმის თაობაზე პანკისში კვლავაც არის “ტერორისტთა საწვრთნელი ბანაკები.”

მსგავსი/Related

Back to top button