
ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით კმაყოფილია
თბილისში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტი რომანო პროდი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრის დროს ევროპის სტრუქტურებთან თანამშრომლობის გარდა განხილული იყო ქვეყანაში არსებული შიდა კონფლიქტების მოგვარების საკითხები.
რომანო პროდის განცხადებით, ევროკომისია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მოგვარების მომხრეა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე რომანო პროდიმ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების [საქართველო,აზერბაიჯანი, სომხეთი] ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში გაწვრიანებით ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება.
“ჩვენი მიზანია მოვახდინოთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინტეგრაცია ერთიან ევროპულ ოჯახში, თუმცა ამაზე მათაც უნდა იზრუნოს”, განაცხადა რომანო პროდიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება გაითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას, რათა დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში.