
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კოკოითის პოზიციებს ახმოვანებს
16-17 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოში გაიმართა შეხვედრები “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან”, ამის შესახებ 18 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
კოკოითი გამოთქვამს მზარდყოფნას უახლოეს პერიოდში სოჭში გამართოს შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, სადაც განიხილება ცეცხლის შეწყვეტის დამატებითი გარანტიები და უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისაგან კონფლიქტის ზონის გაწმენდის საკითხები, ასევე სიტუაციის სტაბილიზაციისაკენ და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისაკენ გადასადგმელი ნაბიჯები.
ჟვანია-კოკოითის პირისპირ შეხვედრა აგვისტოს განმავლობაში არაერთი მცდელობის მიუხედვად არ შედგა. მოგვიანებით, 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი კოკოითთან შეხვედრის შემთხვევაში განხილვის მთავარი თემა “ერთიანი საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის სტატუსი” იქნებოდა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, სამხრეთ ოსური მხარე კონფლიქტის ზონაში ეუთოს მისიის 10 დამკვირვებლით გაზრდის წინააღმდეგი არ არის, “მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ობიექტურად იმოქმედებენ ადრე განსაზღვრული მანდატის ფარგლებში”.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი არც შერეული საკონტროლო კომისიის მაღალი დონის შეხვედრის წინააღმდეგია, რომლის გამართვის ინიციატივაც ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სოლომონ პასის ეკუთვნის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრები ან მათი მოადგილეები მიიღებენ, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შერეული კომისიის, როგორც კონფლიქტის ზონაში ერთადერთი მუდმივმოქმედი ორგანოს, სტატუსის გაზრდის და განმტკიცების საკითხი იქნება.
მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზება სოლომონ პასიმ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მხარეებს ჯერ კიდევ 31 ივლისს შესთავაზა, თუმცა დღემდე ოსური მხარე მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა.