ახალი ამბები

მოსკოვის აეროპორტებში ქართველი მგზავრების დაკავების თაობაზე რუსეთის საგარეო უწყებას ნოტა გაეგზავნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 სექტემბერს რუსეთის საგარეო უწყებას გაუგზავნა ნოტა, სადაც სთხოვს განმარტებებს ქართველი მგზავრების რუსეთის ტერიტორიაზე არ დაშვებასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე 21 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებებს რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილიც აძლევდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის განცხადებით, ბესლანის ტრაგედიის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე საზღვრის გადაკვეთის გამკაცრებული ზომები ოპერაცია “მიგრანტის” სახელწოდებით ტარდება, რომლის ფარგლებშიც მოწმდება საზღვრები, სასტუმროები, ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკიდება რა გაგებით ოპერაცია “მიგრანტის” მიმდინარეობას, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ წესების სრული დაცვით მოხდეს ყველა საჭირო საბუთის შევსება.


“ამ გამკაცრებულ რეჟიმში რუსმა მესაზღვრეებმა დაიწყეს ვიზის სტატუსისა და სტუმრობის მიზნის შესაბამისობის შემოწმება და ამას მოჰყვა სწორედ ის ფაქტები, რაც დაფიქსირდა. მე მინდა ვურჩიო ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ მისი ვიზის სტატუსი, რაც ფიქსირდება ანკეტაში და მიგრაციულ ბარათში, რომელიც საზღვრის გადაკვეთის წინ ეძლევათ, იყოს შესაბამისობაში”, აცხადებს მერაბ ანთაძე. 


21 სექტემბერს მოსკოვის აეროპორტებიდან ორი ავიარეისი თბილისში უკან მას შემდეგ მოაბრუნეს, რაც ქართველ მგზავრებს საზღვრის გადაკვეთაზე რუსმა მასაზღვრეებმა სიტყვიერი უარი განუცხადეს.
 
“რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისინი არ არიან დეპორტირებულნი, სამართლებრივი ტერმინით, ეს არის საზღვრის გადაკვეთის უფლებაზე უარის თქმა”, განმარტავს ანთაძე.


მისი თქმით, მოსკოვში საქართველოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი, საელჩოს სხვა თანამშრომლები იმყოფებიან ადგილზე, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაჭრან ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ.


 

Back to top button