skip to content
ახალი ამბები

შინაგანი ჯარის გაუქმებას შესაძლოა საკადრო ცვლილებები მოჰყვეს







1 ნოემბრიდან შინაგანი ჯარები, შეიარაღებითურთ
თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

1 ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებერებაში მყოფი შინაგანი ჯარი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ამ რეფორმამ, წმინდა სამხედრო ხასიათის ცვლილებებთან ერთად, შესაძლოა ძალოვანი სტრუქტურებში საკადრო ცვლილებებიც გამოიწვიოს.

15 სექტემბერს შიანაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და თავდაცვის მინისტრ გიორგი ბარამიძის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, რომელზეც ამ გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, ორივე მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმა მიზნად ისახავს შეიარაღებული ძალების ეფექტურობის გაზრდას და ძალოვანი სტრუქტურების ნატოს სტანდარტებთან მიახლოებას. 
 
“ეს შეიარაღებული ძალების განმტკიცებისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ რეფორმით საქართველოს ეყოლება თავდაცვისუნარაიანი ერთიანი სამხედრო სისტემა“, განაცხადა ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ.

რეფორმის მიხედვით შიანაგანი ჯარის პირადი შემადგენლობა, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში დარჩება მხოლოდ 1000–1500–კაციანი სპეცდანიშნულების რაზმი, რომლის მთავარი ამოცანა, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა იქნება.

ამ რეფორმის განხორციელების შემთხვევაში საგრძნობლად გაიზრდება თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შეიარაღებული ძალების რაოდენობა. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არა ერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი 15 ათასიანი რეგულარული არმია. 

უნდა აღინიშროს, რომ შინაგანი ჯარის პირადი შემადგენლობის ზუსტი რაოდენობის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. “სივილ ჯორჯიას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს. ეს მონაცემები თავდაცვის სამინისტროშიც არ გააჩნიათ. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 10 ათასამდე ჯარისკაცზე.

თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, შინაგანი ჯარის რაოდენობა უმნიშვნელოდ შემცირდება. თუმცა გაუქმდება ის შტაბები და მომარაგების განყოფილება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უკვე გააჩნია.

ბარამიძის განცხადებით, თანამდებობებს და წოდებებს შეინარჩუნებენ შინაგანი ჯარის გენერლების და ოფიცრების დიდი ნაწილი, მათ შორის შიანაგანი ჯარის ამჟამინდელი სარდალი გოგი თათუხაშვილი, რომელიც რეფორმების დასრულების შემდგომ შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირად მოისაზრება. ამ გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის პრეროგატივაა და ალბათ ნოემბერში, რეფორმის დასრულებისთვის გახდება ცნობილი.

სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ძალოვან უწყებებში დაგეგმილი რეფორმა გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო, რადგან ეს შეიარაღებული ძალების ეფექტურობას გაზრდის. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აგვისტოში განვითარებული მოვლენებისას, როდესაც ადგილი ქონდა შეტაკებებს ქართულ და ოსურ მხარეებს შორის, არა ერთხელ გამვლინდა შინაგანი ჯარებისა და თავდაცვის სამინისტროს ჯარებს შორის არაკოორდინირებული ქმედებები. თუმცა როგორც გიორგი ბარამიძე აცხადებს, დაწყებულ რეფორმას ცხინვალში განვითარებულ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. მისი თქმით ეს რეფორმა გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი.

სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ რეფორმის შედეგად უნდა მოხდეს შიარაღებული ძალებისთვის გამოყოფილი ფინანსების უფრო ეფექტურად გამოყენებაც. სამხედრო ექსპერტი კობა ლიკლიკაძე აცხადებს, რომ ორი დამოუკიდებელი სამხედრო შენაერთის არსებობას საქართველოში წმინდა პოლიტიკური დატვირთვა ენიჭებოდა.
 
“ასეთი სისტემა ძველ ხელისუფლებას აწყობდა, ყოფილ პრეზიდენტს შევარდნაძეს ქვეყანაში ძლიერი სამხედრო ძალის ყოლის ეშინოდა და მისი პოლიტიკა იყო – გათიშე და იბატონე, რაც ნათლად ჩანდა ძალოვან სტრუქტურებში რამდენიმე უწყების შექმნით“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“  კობა ლიკლიკაძემ.

“ამ ნაბიჯით კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა, რომ მას არ ეშინია და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ძლიერი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნაა“, დასძენს ლიკლიკაძე.

კობა ლიკლიკაძე აქვე აღნიშნავს, რომ ბოლო დროს შინაგანი ჯარები “მონსტრად“ გადაიქცა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მას მძიმე ტექნიკა და შეიარაღება გადაეცა. “ეს შეცდომა იყო და იგი აჭარის რეგიონში მაისის თვეში დაწყებული მოვლენებს უკავშირდებოდა “.


“შიანაგანი ჯარის მძიმე სამხედრო ტექნიკით აღჭურვა და შიდა დაპირისპირებების და კონფლიქტებში გამოყენება გაუმართლებელია“, აცხადებს კობა ლიკლიკაძე.
 
თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, რეფორმის შედეგად “ბოლო მოეღება საბჭოთა პერიოდის სტრუქტურულ გადმონაშთს. ორი საჯარისო დანაყოფით ყოფილი ხელისუფლება [ექს–პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობა] აბალანსებდა სამხედრო ძალებს, რაც გაუმართლებელია”.

12 სექტემბერს, ქარელის რაიონში გამართული აღლუმით, რომელშიც 4,000 ჯარისკაცი იღებდა მონაწილეობას, საქართველოს შინაგანმა ჯარმა 13 წლის იუბილე იზეიმა. საქართველოს შინაგანი ჯარები 1991 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს შეიქმნა.

კობა ლიკლიკაძის თქმით, პრეზიდენტ გამსახურდიას სურდა ეს ნაწილები თავდაცვის სამინისტროსთვის, კერძოდ კი გვარდიისთვის დაექვემდებარებინა, რაც მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის წინააღმდეგობას წააწყდა.

იმ სახით, რასაც შინაგან ჯარი დღეს წარმოადგენს, ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს ჩამოყალიბდა. მისი დანიშნულება ძირითადად ქვეყნის შიგნით წესრიგის დაცვა უნდა ყოფილიყო.

შინაგანი ჯარის ქვედანაყოფების ერთ-ერთი პირველი ეფექტური გამოყენება 2001 წელს პანკისის ხეობაში მოხდა, როდესაც ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, ოპერაციის შედეგად ხეობა, იქ მყოფი ჩეჩენი და არაბი მეომრებისგან გაიწმინდა. შინაგანი ჯარების ნაწილები ხეობაში ამჟამადაც იმყოფებიან. შინაგანი ჯარები აქტიურად მონაწილეობდნენ აგვისტოში ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების დროს.

რეფორმების შემდეგ შესაძლოა ადგილი ქონდეს საკადრო ცვლილებებს ძალოვან სტრუქტურებში. როგორც პოლიტიკური მიმომხილველი ია ანთაძე აცხადებს, არ არის გამორიცხული ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრად გადაიყვანონ.

“ხელისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს, თავისი მტკიცე ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის იმ თანამდებობაზე აყენებს, რომელიც ქვეყნისთვის ამ თუ იმ კონკრეტულ მომენტში არის აქტუალური და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ეს გამოჩნდა ბოლო დროს ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებშიც“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ია ანთაძემ.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, ირაკლი ოქრუაშვილი 2004 წლის ივნისამდე გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირთა გახმაურებული დაპატიმრებები.

ირაკლი ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ხელისუფლებამ აქტიური ნაბიჯების გატარება დაიწყო სამხრეთ ოსსეთთან მიმართებაში. ჩაიკეტა ერგნეთის ბაზრობა, რასაც ივლისში მხარეებს შორის ვითარების უკიდურესად გამწვავება მოჰყვა. აგვისტოში კი შეიარაღებული შეტაკებებიც დაიწყო, რომელშიც გადამწყვეტი როლი სწორედ შინაგან ჯარებს ეკისრებოდათ.

ია ანთაძის თქმით, მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით გაურკვევლია თუ რა თანამდებობას დაიკავებს გიორგი ბარამიძე, რომელიც თავდაცვის მინისტრობამდე ოქრუაშვილის ამჟამინდელი თანამდებობა – შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

სხვათა შორის, აგვისტოს ბოლოს, ქართულ მედიაში გაჩნდა ვარაუდები ძალოვან სტრუქტურებში შესაძლო საკადრო ცვლილებების თაობაზე, თუმცა მაშინ ეს კატეგორიულად უარყო პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.

Back to top button