skip to content
ახალი ამბები

ნატო საქართველოში მეკავშირე ოფიცერს აგზავნის

ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში რობერტ სიმონსმა განაცხადა, რომ თითოეულ რეგიონში ნატოს თითო მეკავშირე ოფიცერი ეყოლება.


“კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თითო მეკავშირე ოფიცერი გვეყოლება და მე ყურადღებით ვადევნებ თვალყურს მათ საქმიანობას ამ ქვეყნებისადმი დახმარების აღმოჩენის პროცესში“, განაცხადა რობერტ სიმონსმა ნატოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში.


მისი თქმით, ნატოს კავკასიის მეკავშირე ოფიცრის ოფისი თბილისში იქნება და იგი თავდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებს.


“ჩვენი მთავარი მიზანია დავეხმაროთ თავდაცვის სამინისტროს კარგად გაიგოს ნატოს პარტნიორობის პროგრამების მნიშვნელობა, რაც მათ თავდაცვის სტრუქტურის რეფორმირებაში დაეხმარება“, დასძინა რობერტ სიმონსმა.


რობერტ სიმონსი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად 15 სექტემბერს დაინიშნა. წარმომადგენლობის შექმნა ივნისში სტამბოლში გამართული სამიტის დროს გადაწყდა, როცა ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ განსაკუთრებული ყურადღება კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობისთვის მიექციათ.

მსგავსი/Related

Back to top button