ახალი ამბები

შინაგანი ჯარი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

1 ნოემბრიდან შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი შინაგანი ჯარი თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში გადავა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშიშროების საბჭოსთან შეთანხმებით მიიღო, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია 15 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.


“შეიარაღებული ძალების განმტკიცებისა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმის გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ”, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბარამიძემ.


შინაგან საქმეთა სამინისტრო დემილიტარიზებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდება, რომლის დაქვემდებარებაშიც ოქრუაშვილის განცხადებით, მხოლოდ მცირე რაოდენობის სპეცდანიშნულების რაზმი დარჩება.


“დღემდე არსებულ ორ საჯარისო გაერთიანებას შეცვლის ერთიანი ძლიერი ჯარი, რითაც ბოლო მოეღება ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთდაბალანსების პრაქტიკას”, აღნიშნა ბარამიძემ.


მისი თქმით, პოსტს შეინარჩუნებს შინაგანი ჯარის მოქმედი სარდალი გოგი თათუხაშვილი, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს და როგორ ჩამოყალიბდება ერთიანი ჯარის სტრუქტურა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.


უშიშროების საკითხებში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და ნატოს ექსპერტების რეკომენდაციებს შორის, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ჯარების რეფორმას უკავშირდება, შინაგანი ჯარის თავდაცვის სისტემასთან შერწყმა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო.

მსგავსი/Related

Back to top button