ახალი ამბები

კობა დავითაშვილი ახალ ოპოზიციურ მოძრაობას უყრის საფუძველს

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა აქტიურმა წევრმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა, განაცხადა, რომ პარტია “ეროვნულ ძალთა გაერთიანება-კონსერვატორების” საფუძველზე ჩამოყალიბდება დასავლური ტიპის ოპოზიციური გაერთიანება.  “ეროვნულ ძალთა” გაერთიანების ლიდერია ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი და დავითაშვილის პოლიტიკური პარტნიორი ზვიად ძიძიგური.


თუმცა უცნობია “ეროვნულ ძალთა გაერთიანება-კონსერვატორების”, რომელიც სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოსთვის სახელსაც გადაირქმევს და ახალ ლიდერსაც აირჩევს, პოლიტიკური პარტნიორების ვინაობა, რომელთა დასახელებისაგან კობა დავითაშვილი “ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ზეწოლის” მოტივით ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.


“მე მოვუწოდებ “ნაციონალური მოძრაობის” იმ წევრებს, რომელთაც ბრძოლა დაიწყეს პრინციპებისათვის და არა სკამებისათვის, გადმოვიდნენ ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში”, განაცხადა დავითაშვილმა.


კობა დავითაშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი იყო “ნაციონალური მოძრაობის” შექმნის დღიდან, პარტიის გენერალური მდივნის პოსტი თებერვალში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო დატოვა; ხოლო ზვიად ძიძიგურმა ანალოგიური გადაწყვეტილება მაისის თვეში მიიღო და ეს ნაბიჯი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მასზე ზეწოლით ახსნა.


დღეს ორივე მათგანი მოქმედ ხელისუფლებას ოპოზიციაში უდგას.

მსგავსი/Related

Back to top button