ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს სატრანსპორტო შეზღუდვებს უწესებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 14 სექტემბერს გაკეთებულ კომენტარში ნათქვამია, რომ “რუსეთი საქართველოს მიმართ სატრანსპორტო ბლოკადას არ ახორციელებს”.


სექტემბრის დასაწყისში საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტმა და სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტმა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროდან მიიღეს წერილები, სადაც ნათქვამია, რომ 15 სექტემბრიდან შეწყდება საავტომობილო, ხოლო 1 ოქტომბრიდან საჰაერო მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან.


“იმის გამო, რომ რუსულ-ქართულ საავტომობილო გადამზიდავებს შორის პარიტეტი საქართველოს სასარგებლოდ არის დარღვეული, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ცალკეულ საავტომობილო მარშრუტებზე ნებართვების გაუქმების თაობაზე”, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში.


რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, ქართული ავიაკომპანიებისათვის 1 ოქტომბრიდან რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვა განპირობებულია 3,6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობით, რომელიც ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის მიმართ დაუგროვდათ.


“ასე რომ საუბარია არა საჰაერო სივრცის დაკეტვაზე, არამედ ვალის დაფარვაზე, რაც მოლაპარაკებათა მაგიდაზე უნდა მოგვარდეს”, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თემურ მჟავანაძის განცხადებით, აღნიშნული ვალი დაუგროვდათ იმ ავიაკომპანიებს, რომელთაც არსებობა უკვე დიდი ხანია რაც შეწყვიტეს. ხოლო მოქმედი ავიაკომპანიები რუსეთს სრულად უფარავენ მომსახურების გადასახადს.


საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა რუსეთის მიერ დაწესებული სატრანსპორტო შეზღუდვები უკვე შეაფასა, როგორც “ეკონომიკური ბლოკადა საქართველოს მიმართ”. 

მსგავსი/Related

Back to top button