ახალი ამბები

საქართველო ევროკავშირს სასაზღვრო საკითხებში რუსეთთან შუამავლობას სთხოვს

ბრიუსელში 14 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირს მიმართა თხოვნით, რათა გაიზარდოს ამ ორგანიზაციის როლი კავკასიის რეგიონში და პირდაპირი დიალოგი გაიმართოს რუსეთთან საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე.


“მივმართავ ევროკავშირს ეს საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებებზე დააყენოს“, აცხადებს “როიტერი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით.


სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში 14 სექტემბერს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მეექვსე სხდომას დაესწრო. მას თან ახლდნენ სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა და სხვა ოფიციალური პირები.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ ოსეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო მონაკვეთის გაუკონტოლებლობის გამო. თბილისს საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება სურს, რადგან ქართული მხარის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტები იარაღით სწორედ ამ გზით მარაგდებიან რუსეთიდან.


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში გაერთიანდა, “ევროკავშირს და რუსეთს უკვე აქვთ საფუძველი, რომ ითანამშრომლონ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ინფორმაციის გაცვლისა და საზღვრების გაკონტროლების საკითხებში“.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების მიერ 14 სექტემბერს კოდორის ხეობაში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი.


მან ასევე გააკრიტიკა რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის იური ბალუევსკის მუქარა მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტების ბაზებზე პრევენციული დარტყმების განხორციელების თაობაზე. “არა მგონია, რომ ეს სწორი მიდგომა იყოს საკითხის მოსაგვარებლად, განსაკუთრებით, მაშინ როცა ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.


მან აღნიშნა, რომ სიტუაცია კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არ გაუარესებულა ბესლანის ტრაგედიის შემდეგ , თუმცა დასძინა, რომ “ამ რეგიონში დესტაბილიზაციის ესკალაცია ძალზე სახიფათოა“. 

მსგავსი/Related

Back to top button