ახალი ამბები

რიჩარდ მაილსი: პანკისში საერთაშორისო ტერორისტები კვლავ არიან

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ “პანკისის ხეობას ისევ აფარებს თავს რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტი“.


აშშ-ის ელჩი 13 სექტემბერს მას შემდეგ გამოვიდა სიტყვით, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საფუძველს ჩაუყრის “პიროვნების იდენტიფიკაციის, უსაფრთხო შედარების და შეფასების სისტემის“ (PISCES) დანერგვას საქართველოში.


კითხვაზე არიან თუ არა ტერორისტები საქართველოში, როგორც ამას რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რიჩარდ მაილსმა განაცხადა: “ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეული კამათი გვაქვს ამასთან დაკავშირებით, და არ მინდა ამ კამათში ახლაც ჩავებათ, თუმცა, მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ პანკისში მართლაც იმყოფება რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტი“.


“2-3 წლის წინ არსებულ სიტუაციასთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჩეჩენ მებრძოლთა რაოდენობა 90%-ით შემცირდა, ხოლო საერთაშორისო ტერორისტთა რაოდენობა – 60-70%-ით. მე ამ საკითხებში ექსპერტი არ ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არ არის სიტუაცია, რომელიც სამხედრო ტიპის მოქმედებას მოითხოვს. სინამდვილეში, ეს უშიშროების ადგილობრივი სამსახურების საქმეს წარმოადგენს“, განუცხადა რიჩარდ მაილსმა ჟურნალისტებს.


“პანკისის ხეობაში საქართველოს ახალი ხელისუფლების მოსვლამდე, იქ საერთაშორისო ტერორისტების მნიშვნელოვანი ნაწილი აფარებდა თავს. გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, სულ ცოტა ორი-მესამედით ან მეტით. თუმცა, ეს საკითხი საკამათოა და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მაგრამ, თქვენ ჩემი აზრი იკითხეთ“, დასძინა მაილსმა.


2002 წელს საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა ჩეჩენი და სხვა დაქირავებული უცხოელი მებრძოლების არსებობა პანკისის ხეობაში, რის შემდეგაც ხეობაში ანტი-ტერორისტული ოპერაცია განხორციელდა.


ოპერაციის დასასრულს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხეობაში ჩეჩენი მებრძოლები, ან ტერორიზმში ეჭვმიტანილები აღარ იმყოფებიან.



 

მსგავსი/Related

Back to top button