ახალი ამბები

რკინიგზის აღდგენამ თბილისსა და მოსკოვს შორის უთანხმოება გაამძაფრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი დაიბარა, რათა პროტესტი გამოეხატა მოსკოვის მიერ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან რკინიგზის აღდგენის თაობაზე მიღებული “‘ცალმხრივი და უკანონო“ გადაწყვეტილების გამო.


10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჯს “საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევად“ აფასებს. მოსკოვსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 10 სექტემბერს განახლდა.


2003 წლის მარტში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, რკინიგზის მუშაობის განახლება ქართველ დევნილთა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაბრუნების პარალელურად უნდა მომხდარიყო.    


თუმცა, რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 10 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი “არ არღვევს ორ ქვეყანას შორის არსებულ შეთანხმებებს“.


“მხარეთა შეთანხმების თანახმად, ყოველთვის არ არის აუცილებელი ამ პროცესების [დევნილთა დაბრუნების და რკინიგზის აღდგენის] სინქრონიზაცია; თუ იქნება პროგრესი ერთ-ერთ რომელიმე მიმართულებით, ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ და წინ წავიდეთ“, განაცხადა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა.


10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რკინიგზის აღდგენა სამხრეთ კავკასიის მთელი რეგიონისთვის სასიკეთო იქნება, მათ შორის საქართველოსა და სომხეთისთვისაც.

მსგავსი/Related

Back to top button