ახალი ამბები

პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურია თანამდებობიდან გაანთავისუფლა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია.


ამავე ბრძანებულების საფუძველზე ჭანტურიას ჩამოერთვა საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულის სტატუსი, რომელიც მას ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნისა და ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სისტემათა განვითარების საკითხებში მიენიჭა.


გიორგი ჭანტურია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას მისი შექმნის დღიდანვე, 1995 წლიდან უდგას სათავეში. იგი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შევარდნაძის ერთ-ერთი ბოლო კადრია, რომელმაც “ვარდების რევოლუციიდან” დღემდე  თანამდებობა შეინარჩუნა.


ჯერ-ჯერობით უცნობია ჭანტურიას თანამდებობიდან განთავისუფლების მოტივი და ასევე, მისი შემცვლელის ვინაობაც.

Back to top button