
სააკაშვილი ინვესტორებს უსაფრთხოებას ჰპირდება
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ “საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული გარდატეხა მოხდა” ბოლო თვეების განმავლობაში და მოუწოდა ბიზნესმენებს ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციები განახორციელონ.
“ჩვენ განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით. საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ჩვენ საგრძნობლად გავზარდეთ საბიუჯეტო შემოსავლები და რაც ყველაზე მთავარია, ხელფასებიც გავზარდეთ“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 სექტემბერს უზენაესს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, წლის ბოლოსთვის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასები 100 ლარზე ნაკლები აღარ იქნებოდა.
“მინდა ვუთხრა, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ბიზნესმენებს, რომ მათ არავინ ახლებს ხელს. მოვუწოდებ მათ, რომ ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში და გარანტიას ვაძლევ, რომ არავინ დააშანტაჟებს მათ“, დასძინა სააკაშვილმა.