skip to content
ახალი ამბები

სერგეი ლავროვი: თბილისი აბრკოლებს თანამშრომლობას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ გაზეთ “ვრემია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული მხარე აბრკოლებს უფრო ახლო თანამშრომლობას თბილისსა და მოსკოვს შორის.


“რუსული და ქართული სპეცსამსახურები თანამშრომლობენ [ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში]; თუმცა, თანამშრომლობა უფრო ეფექტური უნდა იყოს“, განაცხადა სერგეი ლავროვმა 9 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში. 


მისი განცხადებით, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არ არის ისეთი მჭიდრო, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დროს შეთანხმდა. შეხვედრა მოსკოვში თებერვალში გაიმართა.


“სამწუხაროდ, თებერვალში მიღწეული შეთანხმებების შესრულებას ქართული მხარე აბრკოლებს. იმედი მაქვს, ქართული მხარე მიხვდება, რომ ცალმხრივი ძალისმიერი ნაბიჯების გადადგმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების მოსაგვარებლად არაპერსპექტიულია. ვფიქრობ, თბილისი მიხვდება, რომ არ უნდა ეძებოს გარეშე მტერი რუსეთის სახით“, დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ “შესთავაზა თბილისს კონკრეტული წინადადებები“, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას ისახავდა მიზნად.


ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს მათი წინადადებების მიღებისკენ მოუწოდებდა. თუმცა, 27 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ რუსეთის ფედერაციიდან არ მიუღია არანაირი შეთავაზება და მიმართავდა რუსეთის მხარეს ყოველგვარი ეჭვის გასაფანტად საჯაროდ გადაეცა საქართველოს ხელმძღვანელობისთის ხსენებულ კონსტრუქციულ წინადადებათა პაკეტი.  


რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თბილისმა უნდა დაადასტუროს თავისი პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე.


“ურთიერთობებში ამგვარი ნორმალური ატმოსფეროს შექმნა კიდევ უფრო გაზრდის [ორი ქვეყნის] სპეცსამსახურების მუშაობის ეფექტურობას ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში“, აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

Back to top button