
პარლამენტში საშემოდგომო სესია დღეს ოფიციალურად დაიწყო
დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომით ოფიციალურად გაიხსნა საშემოდგომო სესია, სადაც საუბარი ძირითად პრიორიტეტულ საკითხებსა და სამუშაო გეგმაზე წარიმართა.
საშემოდგომო სესიის მანძილზე პარლამენტარები 128 კანონპროექტს განიხილავენ. ძირითადი საკითხები იქნება საქართველოს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა, რისი საჭიროებას თებერვალში განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა გამოიწვია და ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება.
ასევე პარლამენტი, რომელიც რეგლამენტის ზედმიწევნით დაცვას აპირებს და მთავრობასაც იგივეს სთხოვს, ამ სესიის განმავლობაში აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საზედამხედველო საქმიანობის გააქტიურებას გეგმავს.
“ამას გარდა, ბუნებრივია, რომ ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით იმ პოლიტიკურ თემებს, რომლების ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების გზაზე ჩვენს წინაშე დადგება”, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 7 სექტემბერს. “მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი საკმაოდ აქტიური იქნება”, დასძენს ბურჯანაძე.
დღესვე, პარლამენტის ბიურომ თანხმობა განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის, “ახალი მემარჯვენეების” მოთხოვნაზე, პლენარული სხდომა ცხინვალის რეგიონის თაობაზე პოლიტიკური დებატებით გაიხსნას.